თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთი უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, თითქოს ყირიმის ხიდზე თავდასხმაში ბრიტანეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, იუწყება სააგენტო Reuters.
„ეს არის უსაფუძვლო სპეკულაცია რუსეთის მხრიდან და ამაზე შემდგომ კომენტარებს აღარ გავაკეთებთ“, — განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
სააგენტოს ცნობით, მანამდე გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ „ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე“ განაცხადა, რომ ხიდზე თავდასხმაში, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი არასრულწლოვანი დაშავდა, შესაძლოა ბრიტანეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
მისი თქმით, იმაზე, რომ შეტევაში ბრიტანული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული, „ძალიან ბევრი რამ მიუთითებს“.
რუსეთისა და ყირიმის დამაკავშირებელ ხიდს დრონებმა ორშაბათის დილით შეუტიეს. დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი, რის გამოც მასზე მოძრაობა დროებით შეწყდა. რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
წყარო: Reuters