სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაბალემისიური განვითარების სტრატეგია წარმოადგინა

მინისტრის განცხადებით, კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა.
Sputnik
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. პირველი გრძელვადიანი დაბალემისიური განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის საქართველო გახდეს ნახშირბადნეიტრალური ქვეყანა, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დოკუმენტის საჯარო განხილვაზე წარდგენისას.
დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 24 აპრილს მიიღო, ხელს უწყობს კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლებას 2023-2025 წლებისთვის.

„ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების კონცეფცია, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს მოიცავს, მათ შორის: მშენებლობას, მრეწველობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ნარჩენების მართვას. კონცეფციის მთავარი მიზანია – 2050 წლისთვის საქართველო გახდეს ნახშირბადნეიტრალური", – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრის თქმით, კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. განვითარებული ქვეყნები ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია პროცესს პატარა ქვეყნებიც შეუერთდნენ.
„კონცეფცია მთლიანად ეხმიანება ევროკავშირის მიდგომას კლიმატის პოლიტიკის ნაწილში და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ასოცირების შესახებ შეთანხმებაში“, – განაცხადა შამუგიამ.
ვაჭრობა და განახლებადი ენერგია - რა საკითხები განიხილა ინვესტორთა საბჭომ>>>
დაბალემისიური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი ემსახურება სათბურის აირების გაფრქვევის შესამცირებლად შესაძლებლობების გამოვლენას და აღწერს იმ პრიორიტეტულ ნაბიჯებს, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში (ენერგეტიკა, სამშენებლო სექტორი, ტრანსპორტი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მიწათსარგებლობა, ტყის მართვა) უნდა გადაიდგას.
სტრატეგია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სხვადასხვა საჯარო უწყებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა. იგი სრულად შეესაბამება პარიზის შეთანხმებას და მორგებულია საქართველოს რეალობაზე.