თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის ექვს თვეში 2,8 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75,9%-ია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველომ იანვარ-ივნისში 2019 წლის მაჩვენებლები 74%-ით აღადგინა.
ვიზიტების საერთო რიცხვიდან 1,9 მლნ ტურისტული იყო, რაც გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 59,6%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 90,8%-ით აღდგა.
ლიდერი ქვეყნები საქართველოში ვიზიტების მიხედვით
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს თურქეთის მოქალაქეებმა – 582,5 ათასი, რაც 2022 წელთან შედარებით ორჯერ მეტია და 16,6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის პირველ ნახევარში იყო.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით 2023 წლის იანვარ-ივნისში
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა, % |
თურქეთი | 582,5 | 122,2 |
რუსეთი | 577,6 | 133,7 |
სომხეთი | 397,1 | 102,8 |
ისრაელი | 106,5 | 26,0 |
აზერბაიჯანი | 85,8 | 29,2 |
რა გზით შემოდიან ტურისტები
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 68,1% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია, მესამეზე – „სადახლოს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (31,1%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 518 ათასმა ტურისტმა ისარგებლა.