თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსაკვლევად თბილისში ჩამოსული პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას და შეშფოთებას, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელ მარიუშ პიეტრ ჟაკს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს სააკაშვილის სამედიცინო შემოწმებისას ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ფეხსაცმლით ფარულად მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ბიომასალის გატანას შეეცადა. პოლონელი დიპლომატი აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ორშაბათს საგარეო უწყებაში დაიბარეს. მან შენობა უკომენტაროდ დატოვა.
„შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელ პროცესს", – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
შესაბამისად, არაერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე. ამის დასტურია პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან, ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე, აღნიშნულია განცხადებაში.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მხრიდან მსგავსი საქციელი", – ნათქვამია განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიმართა. მისი თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.
ამ დროისათვის საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი სამშობლოში იმყოფება, ამიტომაც საგარეო უწყებაში მისი მოადგილე მივიდა.
სააკაშვილი საქართველოში
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით წინა კვირაში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მათ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.