თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ესპანური საფეხბურთო კლუბი „ვალენსია" მზადაა გაყიდოს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი - კლუბმა გოლკიპერის ტრანსფერი 30 მილიონ ევროდ შეაფასა, იტყობინება პორტალი fcbinside.
გამოცემის ცნობით, შესაძლოა მამარდაშვილი მიუნხენის „ბავარიაში“ გადავიდეს, სადაც მეკარეების საკითხი ძალიან აქტუალურია, ვინაიდან კლუბის დატოვება იან ზომერს და ალექსანდრ ნუბელს სურთ.
fcbinside-ის ცნობით, „ბავარია“მამარდაშვილს ამ მეკარეების ალტერნატივად განიხილავს და ის სატრანსფერო სიის სათავეშია.
2021 წლის 7 ივნისს გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდში ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) გადავიდა, მაგრამ ქართველმა კლუბის მენეჯერზე, ხოსე ბორდალასზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს დაეხმარა მას კლუბის ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებაში. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.
სეზონის ბოლოს „ვალენსიამ“ ადგილი ლა ლიგაში შეინარჩუნა და 38 მატჩში 42 ქულა მოაგროვა. მადრიდის „რეალთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ (1:0) გუნდს უმაღლეს დივიზიონში დარჩენაში დაეხმარა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა მეკარემ შეიტანა.