თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში ღვინის საწარმო „მელიტონს“ ეწვია, რომელიც სეზონზე 100 ტონამდე ყურძენს ამუშავებს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
მთავრობის მეთაური იმყოფებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის რეგიონებში, სადაც გაეცნო ინფრასტრუქტურული პროექტების და ფერმერების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების რეალიზაციას.
მეღვინეობა „მელიტონმა" სოფლის განვითარების სააგენტოს 300 ათას ლარიანი თანადაფინანსებით და 450 ათასი ლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
„ხვანჭკარის“ სამშობლოში, რაჭაში რთველი ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარას“ აწარმოებენ ორი ჯოში ყურძნის - „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ ნაზავისგან.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ამ მიზნით ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი", რომელიც ქვეყანაში 2013 წლის მარტიდან მოქმედებს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის" ძირითადი მიზანია სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაკავებული მეწარმეებისთვის – იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
პროექტის რეალიზაციის პერიოდიდან მასში შევიდა რამდენიმე ცვლილება, რომელიც დარგში არსებულ მოთხოვნებს პასუხობს.