თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ფესტივალი „ღვინის სოფელი“, სადაც იქნება წარმოდგენილი ღვინო გურიიდან და სამეგრელოდან, 22 ივლისს, „8000 მოსავალში“ გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალი „ღვინის სოფლის“ მთავარი იდეა რეგიონებში ღვინის ტურიზმის განვითარება, ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) მხარდაჭერით ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტს მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანი იყო და ამჯერად იგი სამეგრელოსა და გურიის რეგიონებს მოიცავდა. პროექტი გულისხმობდა ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.
„ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი უამრავი კომპანია და მარანი გურიიდან და სამეგრელოდან. ღონისძიება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.