თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპებით მოწინავე პოზიციას იკავებს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო დონეზეც, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა სოსო არჩვაძემ.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მაისში საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7% იყო. მშპ-ს საშუალო რეალური ზრდა 2023 წლის იანვარ-მაისში 7,5%-ია.
„ხუთი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, კარგი შედეგია. და ეს ყველაფერი ჩვენი უახლოესი მეზობლების - თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის ეკონომიკების ასეთი ნელი განვითარების ფონზე. საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც და ამას აღნიშნავენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც“, - განაცხადა არჩვაძემ.
ექსპერტის თქმით, პროგრესი ქვეყნის ყველა ეკონომიკურ პარამეტრში შეინიშნება.
„საქონლობრუნვა, საქართველოს ჩართულობა შრომის საერთაშორისო დანაწილებაში იზრდება. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იზრდება საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ნომენკლატურების ჩამონათვალი და საქართველოდან სხვა ქვეყნებში ექსპორტირებული თითოეული სასაქონლო ერთეულის საშუალო ღირებულება. ეს საქართველოს კონკურენტუნარიანობის ზრდას ასახავს“, - განაცხადა მან.
არჩვაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე რეექსპორტის სწრაფ ზრდაზე, რომლის წილიც ქვეყნის საქონელბრუნვაში ყოველთვიურად იზრდება.
„ჩვენი სავაჭრო პარტნიორები ითვალისწინებენ საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობას, საქონლის გადაადგილების უსაფრთხოებას, კანონის უზენაესობას და ყველა ეს ფაქტორი მთლიანობაში წინასწარ განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებას და ეკონომიკური ინტერესების მიბმას საქართველოს ეკონომიკასთან. ეს ასევე ხელს უწყობს საქართველოს მშპ-ს ზრდას“, - განაცხადა მან.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,5%, 2022 წელს, წინასწარი მონაცემებით – 10,1%.