მუსიკისა და ბუნების სინთეზი: კოჯრის ტყეში ქართული ფესტივალი TKESHI იხსნება

მუსიკის გარდა, ფესტივალზე ჩატარდება დისკუსიები არტისტებთან, მასტერ-კლასები, პერფორმანსები, შოუები და სხვ.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. კოჯრის ფიჭვნარში, ღია ცის ქვეშ 15-დან 29 ივლისამდე მუსიკალური ფესტივალი TKESHI ათობით უცხოელ და ადგილობრივ არტისტს გააერთიანებს.
ფესტივალის მიზანია - ურბანული ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა და შთაგონების ძიება იქ, საიდანაც იწყება ადამიანების ისტორია, აცხადებენ ორგანიზატორები.
ფესტივალი სტუმრებს შესთავაზებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი არტისტების გამოსვლებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ მრავალფეროვან აუდიოვიზუალურ გამოცდილებას გაუზიარებენ ფართო აუდიტორიას.
ფესტივალის სტუმრებს ელის აუდიო-ვიდეო ინსტალაციები და პერფორმანსები ისეთი არტისტებისგან, როგორებიცაა იაპონელი არტისტი ბერლინიდან რიოიტი კუროკავა, ელექტრონული მუსიკის გერმანელი შემსრულებელი Amelie Duchow, საერთაშორისო არტისტების ერთობლივი პროექტი WHITE BALANCE და სხვ.

„TKESHI ქართველი და უცხოელი არტისტების ერთობლივი ნამუშევრებით, audio-visual live პერფორმანსების და immersive ინსტალაციების დახმარებით ახალი ენერგიებით და შთაბეჭდილებებით შეავსებს ჯადოსნურ ტყეს“, - პირდებიან ორგანიზატორები სტუმრებს.

ძირითად პროგრამასთან ერთად, ივლისის მეორე ნახევარი ფესტივალის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობას მიეძღვნება. იგეგმება დისკუსიები არტისტებთან, მასტერ-კლასები, პერფორმანსები, შოუები და სხვ.
კოჯრის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სპეციალური საფესტივალო ავტობუსებით, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ივლიან კუს ტბის ტერიტორიიდან და გიორგი ლეონიძის ქუჩიდან.
ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.