კობახიძე სააკაშვილის ნიმუშებთან დაკავშირებულ სკანდალზე: პოლონეთმა ყველაფერი უნდა განმარტოს

მათ მოუწევთ ოფიციალური განმარტებების გაკეთება, რა და როგორ მოხდა, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ელოდება პოლონეთის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებებს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემოწმების დროს პოლონელი ექიმების ქმედებებთან დაკავშირებით, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას, ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა. იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის საელჩოსგან განმარტებას ელოდება.
„არაექსპერტული გადმოსახედიდან მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება, გამოიყენო ის ნიმუშები, რომლებიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო ექიმების ჩამოსვლა საქართველოში. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარდგენა, რა და რატომ მოხდა“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლონელმა ექიმებმა საკუთარი ქმედებების დისკრედიტაცია თავად მოახდინეს და საქართველოს ხელისუფლება აღარ დაუშვებს, რომ საზოგადოება სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ვინმემ კიდევ ერთხელ შეიყვანოს შეცდომაში.

სააკაშვილი საქართველოში

დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში". სააკაშვილს მკურნალობენ კახექსიაზე, რომელიც არასაკმარისი კვებით არის გამოწვეული.
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით მიმდინარე კვირაში იმყოფებოდა. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონეთიდან ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ბრეგაძე: პაციენტის ნიმუშის აღების შემდეგ ის უნდა დაილუქოს, და არ უნდა განთავსდეს წინდაში >>
კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.