გამორიცხული არაფერია - მეუფე შიო თავისი მოწამვლის შესახებ

საპატრიარქოს მონაცემებით, მეუფე შიოს სისხლში გარკვეული მეტალების მაჩვენებლები ნორმას რამდენჯერმე აღემატება
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მიმდინარეობს კვლევები და ჯერჯერობით არაფერია გამორიცხული, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მისი შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებული სკანდალის კომენტირებისას.
6 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შესაძლო მოწამვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა. ნივთიერება, რომელიც მიტროპოლიტის სისხლში აღმოაჩინეს, რიგ შემთხვევებში მოწამვლისთვის გამოიყენება, განაცხადეს საპატრიარქოში. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით.
„უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ახლა საპატრიარქოში ანალიზების პასუხებს ელოდებიან, ასევე იგეგმება ანალიზების გერმანიაში გაგზავნა.
ილია მეორის თანამოსაყდრის შესაძლო მოწამვლა - მეუფე შიოს პირველი კომენტარი >>
საპატრიარქოს მონაცემებით, მეუფე შიოს სისხლში გარკვეული მეტალების მაჩვენებლები ნორმას რამდენჯერმე აღემატება, რაც მოწამვლასთან დაკავშირებულ მათ ეჭვებს ამყარებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 2017 წლის ნოემბერში აირჩია.