თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ტვირთგადაზიდვები ტრანსკასპიური მარშრუტით („შუა დერეფანი“) 2023 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 77,2%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას გადააჭარბა. ამის შესახებ განაცხადეს ყაზახეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების ყაზახ ტვირთების გამგზავნებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
„ყაზახეთის რკინიგზის“ ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის, ასევე ხელსაყრელი პირობების შექმნის საკითხები ტვირთის ტრანსკასპიური მარშრუტით გადაზიდვებისთვის, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთზე და შემდეგ – ევროპის ქვეყნებში.
მხარეები შეთანხმდნენ, ერთად გადაწყვიტონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომი განვითარების საკითხები, კერძოდ, რაც ეხება ტვირთების მიწოდების ვადების შემცირებას, მოძრავი შემადგენლობის დისლოკაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესის გაუმჯობესებას, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრას, საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებას და სხვ.
ტვირთნაკადების დაუბრკოლებლად და დაჩქარებულად გატარებისთვის და ასევე წარმოშობილი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტისთვის ფუნქციონირებს ერთობლივი ვირტუალური სადისპეტჩერო ცენტრი, ნათქვამია „ყაზახეთის რკინიგზის“ განცხადებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტვირთების გამგზავნებთან და რკინიგზელებთან დამყარებული პირდაპირი კონტაქტები საშუალებას იძლევა, ეფექტურად გადაიჭრას გადაზიდვების პროცესში გაჩენილი საკითხები.