რას ვჭამთ: დასავლეთ საქართველოში საშიშ კარაქს ყიდდნენ

კომპანია „ათინათს“, სადაც საშიში კარაქი აღმოჩნდა, ბაზრიდან პროდუქტის ამოღება დაევალა.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ირანული წარმოების კარაქში, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყიდებოდა, საშიში ბაქტერია გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინსპექტორებმა ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ირანული წარმოების 82,5%-იანი კარაქის 5 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ერთ-ერთი ნიმუშის 25 გრამში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Listeria monocytogenes.
ბაქტერიის ეს სახეობა არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით, ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. Listeria monocytogenes იღუპება +65 C ტემპერატურაზე, მაცივარში –1 C ტემპერატურაზე მრავლდება კიდეც. მარილი ბაქტერიას არ კლავს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ინფექციურ დაავადება ლისტერიოზს.
არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი! სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს>>
კომპანია „ათინათს“, სადაც საშიში კარაქი აღმოჩნდა, ბაზრიდან პროდუქტის ამოღება დაევალა. ინსპექტორებმა საწარმოში არაგეგმური შემოწმება ჩაატარეს.
ლისტერიოზი არ არის ფართოდ გავრცელებული ინფექცია, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით საგრძნობლად ჩამოუვარდება სალმონელოზს და კამპილობაქტერიოზს, მაგრამ აღემატება მათ სიკვდილიანობითა და კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმით.