არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ: გახარიას პარტია ენმ-სთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

საქართველოს ყოფილი პრემიერის გუნდი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არ გეგმავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას და, მით უფრო, პრემიერ-მინისტრის პოსტზე საერთო კანდიდატის წარდგენას, განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ მიხეილ დაუშვილმა.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ განიხილება გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობის საკითხი. ამასთან, ცისკარიშილმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატად ვაშაძე დაასახელონ.

„არავითარ გაერთიანებას ჩვენ არ განვიხილავთ, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“... „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო პრემიერობის კანდიდატი კი არა, არაფრის კანდიდატი არ გვეყოლება“, – განუცხადა დაუშვილმა ჟურნალისტებს.

ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ში იციან, როგორ დაეხმარონ პარტიებს არჩევნებზე ხმების 5–7%-ის აღებაში და ყველას თანამშრომლობისთვის ელოდებიან, რათა მოგვიანებით კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ.
„ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე უარი ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“, ასევე „გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“. ყველა პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობის მზადყოფნა კი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გამოთქვა.
კობახიძე: სააკაშვილის დროინდელი პოლიტიკოსები „ნაცმოძრაობას“ პერსპექტივას უკარგავენ>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.