საქართველო ხორბლის იმპორტს ზღუდავს

Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის 1 ნოემბრამდე შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის გამოც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის 1 ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით", – ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უამინდობა და წვიმები კახეთში მაისში დაიწყო და ივნისშიც გაგრძელდა. უხვმა ნალექმა რეგიონში მოსავალი სერიოზულად დააზიანა.