სამგორის რაიონში დევნილი ოჯახებისთვის 11 ახალი კორპუსი შენდება

სამინისტროს ცნობით, 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებლით ჯამში იძულებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სამგორის რაიონში მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. პროექტის მიხედვით, აშენდება 11 საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ბინებით 2,4 ათასი ოჯახი დაკმაყოფილდება. პროექტის ბიუჯეტი 243,6 მლნ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, პროექტის დასრულებისთანავე თითოეულ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების, ახალგარემონტებული ბინა გადაეცემა.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის თითქმის დასრულებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა მოპირკეთების და ფასადის სამუშაოები.
რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის 800 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს>>>
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
პროექტის ფარგლებში 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასი ოჯახი პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში განსახლდება. ჯამში 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებლით იძულებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. პროექტის ბიუჯეტი 900 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამა მოქმედებს.
სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის ყიდულობს ბინებს; აშენებს რეგიონებში მრავალსართულიანი სახლების კვარტლებს; მათ აძლევს თანხას სოფელში სახლის შესაძენად; საკუთრებაში გადასცემს მუნიციპალიტეტის იმ ფართს, სადაც ისინი ამ დროისთვის ცხოვრობენ; იხდის საცხოვრებლის ქირას.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია.