ორბელიანის მოედანზე სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

კონცერტის ჩატარების იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ორბელიანის მოედანზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც ქართველი არტისტები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების პროგრამა დაყოფილია ორ ნაწილად, პირველ ნაწილში ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულებს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის ნაწარმოებებს. გარდა ამისა, სცენაზე წარდგებიან მომღერალი ნატო მეტონიძე, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სხვები.
მეორე ნაწილში კი მსმენელის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის მუსიკოსები.
კონცერტის ჩატარების იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის. კონცერტი 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დილიდან ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.
საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.