საქართველო-თურქეთის საზღვარზე კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

სამართალდამრღვევებს საქონელი ჩამოერთვათ და ჯარიმა დაეკისრათ.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „კარწახი“ და „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, იუწყება შემოსავლების სამსახური.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 18 ათასი ღერი (900 კოლოფი) არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ პირებს საქონელი ჩამოერთვათ. თითოეულ მათგანს 1000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.
გარდა ამისა, 5 კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და, ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს 3 ათასი ლარის ჯარიმა შეეფარდა.
წყარო - შემოსავლების სამსახური.