გენერალი ბენ ჰოჯესი: დასავლეთი საქართველოში გავლენებს კარგავს

გენერლის თქმით, ნატომ დაკარგა შანსი და ახლა კარგავს გავლენას საქართველოში.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დასავლეთმა და ნატომ საქართველოში წარმატებას ვერ მიაღწიეს და ამ ქვეყანაში გავლენას კარგავენ, განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა პოლონურ პორტალ Interia-სთან ინტერვიუში.
ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა გასული წლის 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ სამიტზე უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატების სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. სამიტმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც იგი 12 პირობას შეასრულებს.

„ადრე მე ბევრად ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი საქართველოს მიმართ. მაგრამ დავმარცხდით როგორც ნატო, ისე დასავლეთი“, – განაცხადა ჰოჯესმა.

გენერლის თქმით, ნატომ ხელიდან გაუშვა შანსი და ახლა კარგავს თავის გავლენას საქართველოში. „საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ახლა გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ორი, სამი ან ხუთი წლის წინ იყო“, – აღიარა მან.
„ჩვენ არ ვიყავით თანმიმდევრულები ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის და ყველა იმ საკითხის მნიშვნელობის შეფასებებში, რომლებიც ნატოს კომპლექსური სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა გენერალმა.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ 12-ვე პირობა შეასრულა. შენიშვნების უმეტესობა პრაქტიკის დახვეწას ეხება, ხოლო საკანონმდებლო დონეზე სამუშაო შესრულებულია. რიგ შემთხვევებში საუბარია ახალი კანონების მიღებაზე, მათ შორის სასამართლო სისტემის შესახებ, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ სისტემური მიდგომის გამოყენებით, მაგრამ ამ პუნქტების შესასრულებლად ევროკომისიისგან საჭიროა კონკრეტიკა.
წყარო - Interia