მსოფლიო დღეს

როდის მიიღებს შვედეთი თურქეთის თანხმობას ნატოში გაწევრიანებაზე?

Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. თურქეთის მთავრობა დასავლეთის ქვეყნების წინადადებას დაჰყვა და შვედეთის ნატოში შესვლას დათანხმდა, იტყობინება ადგილობრივი მედია.

„მთავრობა დაჰყვა დასავლეთის წინადადებას. პრეზიდენტმა ერდოღანმა ჯერ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ისაუბრა, შემდეგ კი შვედეთის საკითხთან დაკავშირებით ნაბიჯი უკან გადადგა", – დაწერა გაზეთმა Aydınlık.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის ლიდერი დათანხმდა – შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლი „რაც შეიძლება მალე" გადასცეს თურქეთის პარლამენტს და მისი რატიფიცირება უზრუნველყოს.
როგორც სააგენტო РИА Новости-სთვის ანკარაში კარგად ინფორმირებული წყაროს მეშვეობით გახდა ცნობილი, ერდოღანის წინადადება ალიანსში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ, შესაძლოა, თურქეთის პარლამენტში მომავალ კვირაში შევიდეს.
„მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის ეს წინადადება პარლამენტს განსახილველად მომავალი კვირის ბოლომდე წარედგინოს", – განუცხადა სააგენტოს წყარომ.
მისი თქმით, პროცესს გარკვეული დრო სჭირდება.
თავის მხრივ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი თვლის, რომ თურქეთი და უნგრეთი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირებას მოახდენენ რამდენიმე დღეში ან კვირაში, მანამ, ვიდრე ამ ქვეყნების პარლამენტები შემოდგომაზე შეიკრიბებიან.

„თურქეთისა და უნგრეთის პარლამენტებს შეუძლიათ შეთანხმების რატიფიცირება რამდენიმე დღეში ან კვირაში მოახდინონ. ჩვენ გვაქვს მკაფიო შეთანხმება, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება მალე და რაც, ცხადია, არ ნიშნავს ამ შემოდგომას“, – განაცხადა ბილსტრომმა.

ფინეთმა და შვედეთმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გაწევრიანების შესახებ განცხადებით გასული წლის მაისში მიმართეს. ფინეთი 4 აპრილს ნატოს 31-ე წევრი გახდა. შვედეთის განაცხადს ჯერ არ მიუღია უნგრეთის და თურქეთის თანხმობა.