თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის სოჭიდან გამოფრენილი თვითმფრინავი თბილისში 17:50 საათზე დაეშვა. ეს არის პირველი პირდაპირი რეისი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
პირდაპირი ფრენა სოჭი–თბილისი–სოჭის მარშრუტზე 100 მგზავრზე გათვლილი Superjet 100-ის თვითმფრინავით განხორციელდა.
გარდა ამისა, დღეს Red Wings-მა პირველი რეისი შეასრულა მოსკოვი–ქუთაისის მიმართულებით. თვითმფრინავი მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან დღეს, დილით გამოფრინდა და ქუთაისში 10:44 საათზე დაეშვა.
რეისი 10 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რამდენიმე საათით დაკეტვის გამო გადაიდო. აეროპორტში პრობლემები ძლიერი წვიმის გამო შეიქმნა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დაიტბორა, ერთ-ერთ დარბაზში კი სახურავი ჩამოინგრა.
საქართველოში ავიაკომპანია Red Wings-ის ფრენების დაწყება რამდენჯერმე გადაიდო. მასმედიის ინფორმაციით, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ავიაგადამზიდავს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ნებართვა არ ჰქონდა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.
ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
2022 წელს რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20% შეადგინეს, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%.