ტრაგედია ვაკის პარკში - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

Sputnik
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთი ადამიანი გაამართლა, რვას კი პატიმრობა შეუფარდა.
ტრაგედია ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. სამ ბავშვს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. მხოლოდ ორი მოზარდის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა.
საქმეზე ბრალდებულთა შორის იყვნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიგი გიგაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
გამამართლებელი განაჩენი დადგა ვალერი გობეჯიშვილის მიმართ.
ვაკის პარკის ტრაგედია - კალაძე თავის მოადგილეებს გამოექომაგა>>
ექვსი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა ლაშა ფურცხვანიძეს, ოთხი წლით გიორგი გობეჯიშვილს, სამი წლისა და ექვსი თვის ვადით ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს, ხოლო ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს სამ-სამი წლის ვადით.
ვაკის პარკში მომხარი ტრაგედიასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა.