მონეტარული პოლიტიკა საქართველოში - ანალიტიკოსების პროგნოზები

ანალიტიკოსების პროგნოზებით, საკმაოდ რეალურია წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის 9,5%-მდე შემცირება
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთს 0,5 საბაზისო პუნქტით 10%-მდე შეამცირებს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი 13 თვის შემდეგ პირველად მიმდინარე წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5%-ის დონეზე დარჩა, 2022 წლის მარტიდან მარეგულირებელი რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
კომპანიის ანალიტიკოსებმა 2023 წლის ივნისის სტატისტიკის მონაცემები მოიყვანეს, რომელთა თანახმადაც სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად, 0,6%-მდე შენელდა, წინა თვის 1,5%-იანი დონიდან.
აღნიშნული შემცირება ძირითადად შერეული (-6,8% წ/წ) და იმპორტირებული საქონლის (-5,9% წ/წ) ინფლაციის კლებამ განაპირობა. ამასთან, ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი განაგრძობს შენელებას (+8,5% წ/წ ივნისში, ხოლო +9,1% წ/წ მაისში).
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა >>
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მცირედით გაიზარდა მაისში და 4% შეადგინა (+0,1პპ თ/თ).

რას ფიქრობს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, მარეგულირებელმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო, რაც რეფინანსირების განაკვეთის მხოლოდ ზომიერი ნაბიჯებით შემცირებას გულისხმობს.
როგორც ეროვნულმა ბანკმა განმარტა, ინფლაციის შემცორება მეტწილად უკავშირდება ეგზოგენური შოკების თანდათანობით აღმოფხვრას და იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების კლებას.
ამ ტენდენციას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც და შესაბამისად, მცირდება როგორც ადგილობრივი ინფლაცია, ასევე ინფლაციური მოლოდინები.
როგორც მარეგულირებელმა აღნიშნა, ამ ყველაფრის მიუხედავად ადგილობრივი ინფლაცია შედარებით ნელი ტემპით მცირდება და მისი დონე კვლავ მაღალია - მაისში 9,1%.
სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, რომ უახლოეს თვეებში ინფლაცია დარჩება სამიზნე ნიშნულზე ქვემოთ და საშუალოვადიან პერსპექტივაში დაახლოებით 3%-იანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება.

რას უნდა ველოდოთ?

TBC Capital-ის პროგნოზით, საკმაოდ რეალურია წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის 9,5%-მდე შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს გააგრძელებს.
„ამ მხრივ, არგუმენტები სავალუტო რეზერვების შევსების გარდა, კვლავ ლარის ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით გამყარება და ჯამურად სამიზნეზე დაბალი ინფლაციაა, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ივლისში 0.6%-დან კიდევ შემცირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, თავისთავად ეს ინფლაციის აღქმისა და მოლოდინების კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომსახურების ინფლაციის მხრივ კი, იმდენად, რამდენადაც სამომავლოდ ეკონომიკის ზრდის 5%-იან ნიშნულთან უფრო დაახლოება საბაზო სცენარია, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სამომხმარებლო ფასების ეს კომპონენტიც ეტაპობრივად სამიზნესთან ახლო იქნება.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 2 აგვისტოს ჩატარდება.