თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მეხუთე დღეს ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარეს, იუწყება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, გამოცდები 26 ივლისს დასრულდება.
10 ივლისს პირველ სესიაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% მივიდა, სამმა ადამიანმა დააგვიანა. მეორე სესიაზე ასევე მივიდა დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა დაახლოებით 95%, დააგვიანა ისევ სამმა.
ინგლისური ენის გამოცდა კიდევ 11 ივლისს ჩატარდება.
წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, ყველა მათგანი კონდიციონერებითა და სათანადო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი.
წელს საგამოცდო ცენტრი პირველად რაჭაში გაიხსნა, სადაც სესიას დაახლოებით 120 აბიტურიენტი აბარებს.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.