თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება 58 წლის კაცს დაუდასტურდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე" .
მამაკაცი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი მათგანი, 60 წლამდე ასაკის ექიმი გარდაიცვალა.
დაავადების შემთხვევები შემდეგ სოფლებში დაფიქსირდა: ასპინძის მუნიციპალიტეტი – ტოლოში, ძველი, რუსთავი, ოთა. ადიგენის მუნიციპალიტეტი – აბასთუმანი, ნაქურდევი, ახალციხის მუნიციპალიტეტი – ანდრიაწმინდა, მუსხი, წყალთბილა, ანდა.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) – განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება.
საქართველოში ყირიმ-კონგოს პირველი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა.
სხვადასხვა ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგოს ცხელება გავრცელებულია აზიის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში.