თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ზუგდიდში მიმდინარეობს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5, რომელშიც ქართველი პოეტები, მწერლები, კინომცოდნეები და მუსიკოსები მონაწილეობენ.
თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
„მიუხედავად ისტორიულ-კულტურული კონტექსტისა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამეგრელოში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 იმართება
© Courtesy of F5 Festival
F5-ის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.
ფესტივალს ტრადიციულად ორი მიმართულება ექნება - ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი. ფესტივალის ლიტერატურული ნაწილის მონაწილეები იქნებიან: ლია სტურუა, ზურაბ ქარუმიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ეკატერინე ტოგონიძე, ბექა ადამაშვილი, თუთა ჯგუშია, გიო ლომიძე, ნატალია ტროხიმი, გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, ნათია გიორგაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ნატა ლომოური, ზეინაბ სარია, თემურ ელიავა, ნინი შველიძე, ბესიკ არახამია, ანა ჯავახიშვილი, ხათუნა გოგია და გიორგი არაბული.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან ქართველი პოეტები ნიკა ლაშხია და გიორგი შონია. ღონისძიებები Zugdidi Mall-ში იმართება, დასწრება თავისუფალია.