პაპუაშვილი: სააკაშვილის დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობას“ ეკისრება

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასჯელს პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდის, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რადგან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერია, პარტია მის დანაშაულებზე პასუხისმგებელია.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასჯელს პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდის, ივლისის შუა რიცხვებში პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მის მიერ დაფუძნებული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მისი გათავისუფლების მოთხოვნით სისტემატურად საპროტესტო აქციებს მართავს.
„ვხედავთ, რომ რეალურად, ამ პარტიის ფაქტობრივი, არაფაქტობრივი, ოფიციალური, თუ ფორმალური მთავარი ლიდერი იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი. ვიდრე მას აღიქვამენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად, ის დანაშაულები, რომლებიც მას აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, ვრცელდება მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობაზე“. პასუხისმგებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს თავისი დანაშაულებისთვის აქვს ქართველი ხალხის წინაშე, თანაბარწილად ვრცელდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტიური მონაწილისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში მისმა დაბრუნებამ დროებით გააძლიერა პარტიის მხარდაჭერა, თუმცა მალევე, სააკაშვილის დროინდელი თანამდებობის პირების აქტიურობის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა კვლავ დაღმასვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პარტია რჩება ქვეყნის უდიდეს ოპოზიციურ ძალად, მისი რეიტინგი რამდენჯერმე დაბალია, ვიდრე მმართველი პარტიის.
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.