თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს ბიზნეს ტურიზმის სფეროში გლობალურ საერთაშორისო ფორუმს m&i, ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე.
ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი 60-მდე გაყიდვების კომპანიაა წარმოდგენილი. m&i-ის ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან B2B-ის ფარგლებში შეხვედრები გამართეს.
„ეს ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა აქვს ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს რუკაზე, როგორც დანიშნულების ადგილმა, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს B2B ფორმატში შეხვედრები ქართულ კომპანიებთან, რომლებიც საქმიანი ტურიზმის დარგში მოღვაწეობენ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ფორუმის ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროა, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები არიან წარმოდგენილები.