თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის , რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ღონისძიება იგეგმებოდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული, განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს.
ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქტივისტები ვაჟა-ფშაველას გამზირზე დილიდან შეიკრიბნენ და ლისის ტბისკენ გაემართნენ, სადაც „პრაიდის კვირეულის“ (Tbilisi Pride Week) ღონისძიება უნდა გამართულიყო. ლისზე პრაიდის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენიმეჯერ მოხდა, რადგან მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს კიდეც.
„დღეს მობილიზებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ლოკაციაზე უსაფრთხოების დაცვისთვის, თუმცა შეუძლებელია ყველა აქციაზე ასი პროცენტით იქნეს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, განსაკუთრებით როცა საუბარია გაშლილ ტერიტორიაზე... მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ყველა ის დანაყოფი, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება რომ განეხორციელებინა თავისი მანდატი. თუმცა კონტრაქციაზე მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მივიდა.
„ჩვენ გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ვინაიდან ეს არის გაშლილი ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს რომ შემოვლითი გზებით მოეღწიათ, გაერღვიათ პოლიციის კორდონები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ის რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყო, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ „პრაიდის“ არცერთ წევრს რაიმე დაზიანება არ მიუღია.
მისი თქმით, ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს იმისათვის რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზირება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე.
გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, აგრეთვე დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
პოლიცია ლგბტ-მოწინააღმდეგეთა აქცია
© photo: Sputnik / Stringer
ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.
ლგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.