თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა არადეკლარირებული სიგარეტის და მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 10.400 ღერი უაქციზო სიგარეტი და სხვადასხვა დასახელების 77,8 კილოგრამი (საერთო საბაჟო ღირებულება 31.368 ლარი) მედიკამენტები აღმოაჩინეს.
მოქალაქეებს არადეკლარირებული საქონელი ავტომანქანებში წინასწარ მოწყობილ სამალავებში ჰქონდათ მოთავსებული.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.