საქართველოს ელჩი უკრაინაში თბილისიდან იმუშავებს, კონსულტაციები არ იქნება - დარჩიაშვილი

ზაქარაშვილი სამინისტროში ელჩის რანგში მუშაობას გააგრძელებს. კიევში საქართველოს საელჩოში დიპლომატები მუშაობას განაგრძობენ, აღნიშნა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. არანაირი კონსულტაცია საქართველოს ელჩთან უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილთან არ გაიმართება, ის გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში თბილისიდან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ზაქარაშვილმა უკრაინა 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით ქართველ დიპლომატთან მტკიცე პროტესტი გამოთქვა პატიმარ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ელჩს თბილისთან კონსულტაციებისთვის ქვეყნის 48 საათში დატოვება შესთავაზეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან. მან უკვე დატოვა უკრაინის ტერიტორია. გიორგი ზაქარაშვილი სამინისტროში ელჩის რანგში მუშაობას გააგრძელებს. საქართველოს საელჩო კიევში განაგრძობს მუშაობას. დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის მდგომარეობა აინტერესებს, ჯობს დაასრულონ საქართველოში თავიანთი ელჩის დანიშვნის პროცედურები.

„თუ უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია და ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაცია აინტერესებს, ჩვენი ელჩი კი არ უნდა გამოგზავნონ ჩვენთან კონსულტაციებისთვის, არამედ მათ უნდა დაასრულონ ის პროცედურები, რაც დაიწყეს და ჩვენ მოგვმართეს ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ შეაფასა უკრაინის ხელისუფლების ქმედებები.

„უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაატოვებინონ ჩვენს ელჩს უკრაინის ტერიტორია – ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს სურს უკრაინასთან განვითარდეს და გამტკიცდეს ორმხრივი ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა“ და გადასცეს იგი უკრაინას, რომლის მოქალაქეც არის ექს-პრეზიდენტი.
საშინაო საქმეებში ჩარევა: საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია ზელენსკის გადაწყვეტილებაზე>>
ზელენსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მასმედიაში სასამართლო პროცესის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის განხილვისას საავადმყოფოს პალატიდან პირდაპირი ჩართვა მოეწყო. ექს-პრეზიდენტმა ვიდეოჩართვისას მაისური აიწია, ყველას აჩვენა თავისი გამხდარი სხეული და მთავრობას მოსთხოვა, ბოდიში მოიხადოს მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანის გამო.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის იუსტიციის სამინისტრო, კატეგორიულად უარყოფს სააკაშვილის დაცინვის ფაქტებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და ექიმების რეკომენდაციებს დღემდე არ ასრულებს, ხელისუფლება კი მის სამკურნალოდ ყველაფერს აკეთებს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სპეკულაციებს სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ უპასუხა - თალაკვაძე>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში".
საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები
საქართველოსა და უკრაინას შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
მოულოდნელი იყო - უკრაინიდან გამოშვებული საქართველოს ელჩი>>
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, ახლახან კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. საქართველოში უკრაინის ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.