თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი „შავი ლეოპარდი“ ლონდონის Bonhams-ის საერთაშორისო აუქციონზე 89,6 ათას ევროდ გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ აუქციონზე 47 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათგან აბრამიშვილის ტილო ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა. ბრიტანული და ევროპული ხელოვნების აუქციონზე სულ წარმოდგენილი იყო მერაბ აბრამიშვილის ოთხი ნამუშევარი ევროპული კოლექციიდან.
მერაბ აბრამიშვილი - „შავი ლეოპარდი"
© Courtesy of Merab Abramishvili's Family
აბრამიშვილის ნამუშევრები საერთაშორისო აუქციონებში 2014 წლიდან მონაწილეობს.
ქართველი მხატვარი მერაბ აბრამიშვილი 1957 წლის 16 მარტს საქართველოში დაიბადა. 1972-1976 წლებში ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში სწავლობდა. 1981 წელს აბრამიშვილმა თბილისის სახელმწიფო ხელოვნების აკადემია დაამთავრა, 1987 წელს კი თავისი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი „300 არაგველი“ შექმნა.
მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი
© ourtesy of Merab Abramishvili's Family
აბრამიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი იყო (1988–2006). გამომსახველობით ხელოვნებას ასწავლიდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში. მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნამუშევრებს როგორც რელიგიურ, ისე ანიმალისტურ თემებზე, ასევე ქართული ფრესკის, სპარსული მინიატურებისა და აღმოსავლური დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მოტივებზე.
მხატვარი არასდროს აწერდა ნამუშევარს საკუთარ სახელს და არ ეძებდა მსოფლიო აღიარებას. მიუხედავად ამისა, ჰქონდა არაერთი გამოფენა საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გერმანიაში, ფინეთში, აშშ-ში, კერძო კოლექციებში.
მხატვარი 2006 წელს საქართველოში გარდაიცვალა.
მხატვრის ნახატებს დიდი წარმატება აქვს აუქციონებზე Sotheby's და Christie's. 2017 წელს ქართველი მხატვრის ორი ნახატი „მფარველი ანგელოზი“ და „ირმები“ Chrictie's-ის აუქციონზე 16,25 ათას ბრიტანულ ფუნტად გაიყიდა.