საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპატრიარქოში მომხდარ სკანდალს ეხმაურება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სისხლში მძიმე ლითონები აღმოაჩინეს.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ყველა ხედავდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეზე, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს, როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა სიტყვიდან საქმეზე გადასვლა მოუნდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სასულიერო პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
გუშინ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო პერიოდში გაუარესდა. პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს სისხლში აღმოჩენილი ნივთიერება რიგ შემთხვევებში მოწამვლის საშუალებად გამოიყენება, განაცხადეს საპატრიარქოში. ინსტიტუციას საგამოძიებო ორგანოებისთვის ჯერ არ მიუმართავს და ელოდება კვლევის შედეგებს უცხოეთიდან.

„სამწუხაროა ის, რასაც ვისმენთ, შოკის მომგვრელია, თუ ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა საქმეზე გადასულიყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მოწამვლის მცდელობის ფაქტი არ დადასტურდება, თუმცა დასძინა, რომ საუბარია „საკმაოდ საეჭვო გარემოებებზე“.
სპიკერს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ ებრძვის მეუფე შიოს, მხოლოდ აღნიშნა, რომ ყველამ იცის, ვინ ებრძვის ეკლესიას.
გუშინ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გააკეთეს სხვადასხვა ანალიზი – სასმელი წყლის და საკვების, რომლებსაც მეუფე შიო იღებდა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს და მის სისხლში მძიმე მეტალების შემცველობის მიზეზების დასადგენად დამატებითი გამოკვლევა და ძიებაა საჭირო.
მანამდე საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ სასულიერო პირების წინააღმდეგ აგრესიული კამპანია მიმდინარეობს. თვალსაჩინოებისთვის საპატრიარქომ მოიყვანა მართლმადიდებლური ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ ბოლო ათი წლის განმავლობაში გავრცელებული უარყოფითი და კრიტიკული მასალების მაგალითები (წლები და რაოდენობა): 2012 - 78; 2013 - 136; 2014 - 146; 2015 - 143; 2016 - 91; 2017 - 295; 2018 - 387; 2019 - 1109; 2020 - 866; 2021 - 1038; 2022 - 286. სულ: 4.557.
სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქო ტახტის მოსაყდრედ 2017 წლის ნოემბერში აირჩია.
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის მისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში, რომელიც სინოდმა 1995 წელს მიიღო.
სკანდალი საპატრიარქოში - ილია მეორის მოსაყდრეს ნელ-ნელა წამლავდნენ?>>>
მოსაყდრე თავის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც კათოლიკოს-პატრიარქი ვეღარ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ მისიას. მოსაყდრეს უფლება აქვს მოიწვიოს გაფართოებული საეკლესიო კრება, ასევე წმინდა სინოდის სხდომა ეკლესიის წინამძღვრის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად.
ადრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში იშვიათად, მაგრამ იყო მსგავსი პრეცედენტები მემკვიდრის დანიშვნასთან დაკავშირებით. მაგალითად, 1925 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მცდელობისთვის ციხეში იჯდა, პატრიარქის მოსაყდრედ ნინოწმინდის მიტროპოლიტი კალისტრატე ცინცაძე დაასახელა.
ამბროსი ხელაიას გადაწყვეტილება ქართულ ეკლესიაში ურთულესი ვითარებით იყო გამოწვეული. კალისტრატე ცინცაძემ ვერ დაიკავა კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა, აღნიშნული პოსტი 1927 წელს ურბნისის ეპისკოპოსმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა დაიკავა. კალისტრატე ცინცაძემ პატრიარქის ტახტის დაკავება მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ – 1932 წელს შეძლო.