თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველო დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს გადის, დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზა აირჩია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის გახსნაზე.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესია პირველად იმართება ქვეყანაში, სადაც ფრანგული ოფიციალური ენა არაა. ამასთან, სწორედ 48-ე სესიაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის შესახებ.
პრემიერის თქმით, ქვეყანა წლის ბოლოსკენ ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის დამსახურებები შესაბამისად იქნება შეფასებული.
მისი თქმით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა შედგება ადამიანებისგან, რომელთაც აერთიანებთ თავისუფლების, სოლიდარობის ღირებულებები, რაც საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, მსოფლიოსთვის ამ რთულ პერიოდში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. სამმა ქვეყანამ განაცხადი თითქმის ერთდროულად გააკეთა, თუმცა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
მმართველ პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ 12-ვე პირობა შესრულებულია.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრანკოფონია" 40-მდე ფრანგულენოვანი ქვეყნის გაერთიანებას წარმოადგენს. საქართველოს უკვე 20 წელია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელის სტატუსი აქვს, ხოლო წლევანდელ სესიაზე მას ასოცირებულ წევრადაც აირჩევენ.
ასამბლეა მუშაობს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ეს არის აქტიური პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ფრანგული ენის პოპულარიზაციაზე მსოფლიოში.