თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ბულგარეთისა და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით სუბრეგიონული ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს შავი ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. სპეციალისტებმა წყალში ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების, მძიმე მეტალების და სხვა ქიმიური პარამეტრების შემცველობა შეამოწმეს.
კვლევის შედეგების თანახმად, როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით შავი ზღვის მარილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამას ზღვაში დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის მოხვედრით ხსნიან.
გასულ კვირაში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის მორიგი შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. მიღებული მონაცემების თანახმად, ამ ადგილებში აღებული სინჯები ნორმის ფარგლებშია. ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ ახორციელებენ.
ივნისში აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.