სამედიცინო დაწესებულებების მუშაობას ირაკლი მხეიძე გააკონტროლებს

აქამდე მხეიძე ამავე სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ახალი დირექტორი ირაკლი მხეიძე გახდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული უწყებაა. ესაა მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც მოქალაქის საჩივრის საფუძველზე შეისწავლის სამედიცინო დახმარების ხარისხს, გასცემს ნებართვასა და ლიცენზიას კლინიკებისთვის, აფთიაქებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებისთვის.
ირაკლი მხეიძე ადრე ამ სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. 2022-2023 წლებში ის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე იყო ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
მხეიძე 42 წლისაა. არის სამართალმცოდნე. წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე, მათ შორის, „ტერაბანკის“ ფილიალის დირექტორად, „პროკრედიტ-ბანკის“ სერვის-ცენტრის ხელმძღვანელად.