თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა მოულოდნელი უწოდა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გამოეშვა ის თბილისში კონსულტაციებისთვის, რადგან მსგავსი შემთხვევები დიპლომატიურ პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა“ და გადასცეს ის უკრაინას, რომლის მოქალაქეც არის ექს-პრეზიდენტი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზელენსკის დავალებით უკრაინაში საქართველოს ელჩთან მტკიცე პროტესტი გამოხატა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და შესთავაზა უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში – თბილისთან კონსულტაციებისთვის.
„რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო, ვინაიდან მსგავსი შემთხვევა დიპლომატიურ პრაქტიკაში ძალიან იშვიათია, სულ რამდენიმე მახსენდება, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის ხელისუფლება ელჩს სთხოვს, რომ კონსულტაციებზე წავიდეს საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო მაქსიმალურად ეხმარება უკრაინას როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული კუთხით“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.
როგორც ელჩმა განმარტა, გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი კოლეგებისთვისაც უკრაინის საგარეო უწყებაში და დიპლომატიურ კორპუსში.
მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს საელჩო არცერთი დღით არ დახურულა უკრაინაში მოვლენების დაწყებიდან და ამ პერიოდში უზარმაზარი სამუშაო გასწია.
საქართველოს ელჩს უკრაინის დასატოვებლად დრო ხუთშაბათის 12 საათამდე მიეცა.
ზელენსკიმ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მასმედიაში სასამართლო პროცესის ჩანაწერი გამოჩნდა, სადაც სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის განხილვისას საავადმყოფოს პალატიდან პირდაპირი ჩართვა მოეწყო. ექს-პრეზიდენტმა, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე თებერვლიდან პირველად გამოჩნდა, მაისური აიწია, ყველას აჩვენა თავისი გამხდარი სხეული და მთავრობას მოსთხოვა, ბოდიში მოიხადოს მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანის გამო.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.