თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსთავში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 800 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთავის გარეუბანში 2 ჰა მიწის ნაკვეთზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესს სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი გაეცნო.
მისი თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა.
უწყების ცნობით, პროექტის ბიუჯეტი 80 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
პროექტის ფარგლებში 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასი ოჯახი პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში განსახლდება. ჯამში 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებლით იძულებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. პროექტის ბიუჯეტი 900 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.