თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მამაკაცს, რომელმაც ცოლის მკვლელობა ჩაქუჩით, სახრახნისითა და დანით სცადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, ჩაქუჩით და სახრახნისით სხეულის სხვადასხვა არეში 33 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
ადვოკატების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის კლინიკაში მკურნალობდა. ამჟამად ის დუმილის უფლებას იყენებს, ადვოკატების თქმით, მომხდართან დაკავშირებით მას არაფერი ახსოვს. იმის დასადგენად, დანაშაულის ჩადენის მომენტში, იმყოფებოდა თუ არა ის შერაცხად მდგომარეობაში, მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.
დაკავებულს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეურაცხადად აღიარების შემთხვევაში მას ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობა დაენიშნება, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადით.