ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ქარბორბალამ გადაუარა - ვიდეო

სოფელ ვაჩიანში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, წაქცეულია ელექტროგაყვანილობის ბოძები.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში ქარბორბალამ საცხოვრებელ სახლებს, ავტოფარეხებს და საქონლის სადგომებს სახურავი გადახადა, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“.
ახალქალაქის საკრებულოს ცნობით, დაზარალებულია 25 ოჯახი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
სოფელში ქარბორბალა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა. ქარს სეტყვა მოჰყვა, რამაც ადგილობრივებს მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურა. სოფელში სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისია მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ითვლის. თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, დაზარალებულებს ფინანსური დახმარება გაეწევა.
ძლიერი წვიმა და ქარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მეორე კვირაა გრძელდება. სტიქიის შედეგად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა.