თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი დეკლარაცია ლოგიკური გაგრძელებაა იმ მჭიდრო და სწრაფად მზარდი თანამშრომლობისა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებს შორის 2021 წელს ვენეციაში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში დაიწყო.
უწყების თანახმად, დეკლარაციის მიზანი ორ სახელმწიფოს შორის იუსტიციის სფეროში შემავალ კონკრეტულ თემატურ საკითხებზე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილი მთავრობათშორისი შეხვედრის მომზადებაა.
დღეისათვის საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ინიციატივითა და ძალისხმევით, ნათქვამია ინფორმაციაში.
დოკუმენტის ხელმოწერამდე რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ამ პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, უნგრეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ანა სიკო.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთშორისი კომისია.