საქართველოში ლურჯი მოცვის ბაზრის შესწავლა დაიწყო

დღეს ადგილობრივ ბაზარზე კენკრის ყიდვა 20-ის ნაცვლად 7–10 ლარად არის შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფერმერების მომართვის საფუძველზე ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მოცვის მოშენება ბოლო დროს საქართველოში პოპულარული გახდა. პროდუქციის ძირითადი იმპორტიორია რუსეთი (90%).
ლურჯი მოცვი
როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ექსპორტის მოცულობის შემცირება მეზობელ ქვეყანაში ადგილობრივ ბაზარზე მის ღირებულებას ამცირებს. მაგალითად, 1 კგ ლურჯი მოცვის ფასი ერთ თვეზე ცოტა მეტ პერიოდში 2–3-ჯერ შემცირდა – ახლა საქართველოს ბაზარზე 1 კგ-ის ფასი 20 ლარის ნაცვლად 7–8 ლარია.

„კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონიტორინგის მიზანია კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მონიტორინგის ფარგლებში კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს კონკურენტულ გარემოს როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები.
ბოლო წლებში საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რაიონში.
ლურჯი მოცვი
ფერმერები, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დახმარებას იღებენ. მოცვის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
რაც შეეხება ლურჯი მოცვის ექსპორტს, 2020 წელს მან 3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.