არჩილ მესტვირიშვილი: წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება

ამჟამად ინფლაციის შემცირების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაა, რაც იმპორტირებული საქონლის ფასების კლებაზე დადებითად მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. 2023 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაცია 3%-იან ნიშნულზე დაბალი იქნება, 2024 წელს კი მიზნობრივ მაჩვენებელს მიახლოვდება, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
წლიური ინფლაციის დონემ ივნისში 0,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალი ბოლოს 2016 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც მან 0,2% შეადგინა.

„ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რა ხდება ადგილობრივი პროდუქციის ფასების ინფლაციის მხრივ, რომელსაც აქვს შემცირების ტრაექტორია. მოსალოდნელია, რომ ეს შემცირების ტრაექტორია წლის განმავლობაში გაგრძელდება. წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება, ხოლო მომავალ წელს – მიზნობრივთან ახლოს. ეს არის ჩვენი ახლანდელი პროგნოზი”, – განაცხადა მესტვირიშვილმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.

მისი თქმით, ამჟამად ინფლაციის შემცირების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაა, რაც იმპორტირებული საქონლის ფასების კლებაზე დადებითად მოქმედებს.
„ინფლაციის კლების ძირითადი მდგენელია საბაზო ეფექტი, რაც დაკავშირებულია იმპორტირებული პროდუქციის ფასებთან, რომელიც უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი“, – აღნიშნა რეგულატორმა.
ეროვნული ბანკის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური სცენარის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციის დონე ქვეყანაში 2,8%-ის დონეზეა მოსალოდნელი, 2024 წელს – 3,2%, ხოლო 2025 წელს – 3,3%.