თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „მოქალაქე წმინდანი“ მსოფლიო პრემიერა შედგება - სურათი მთავარ კონკურსში მონაწილეობს, იუწყებიან კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში.
კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი კაშკაშა მოვლენაა. აქ ყოველწლიურად აჩვენებენ 200-ზე მეტ ფილმს მთელი მსოფლიოდან, საუკეთესოებს კი ტრადიციულად გადაეცემა მთავარი პრიზი – „ბროლის გლობუსი".
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან. მაგრამ ერთ დღეს ჯვარს მოხსნიან შესაკეთებლად, წმინდანის ქანდაკება მოულოდნელად გაქრება, ქალაქის მცხოვრებლებს შორის კი იდუმალი უცნობი გამოჩნდება.
„თავის მესამე ფილმში, სატირულ იგავში წმინდანის შესახებ, რომელიც ჯვრიდან ჩამოდის რათა იცხოვროს მოკვდავებს შორის, ყაჯრიშვილი სვამს კითხვას - ვისი უნდათ რომ ირწმუნონ ადამიანებმა? წმინდანებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვთ, როგორც უსულო სიმბოლოებს, თუ არსებობის უფლება აქვთ როგორც ცოცხალ ადამიანებს?" - ნათქვამია ფესტივალის ვებგვერდზე.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.
თინათინ ყაჯრიშვილი არის რეჟისორი, სცენარისტი, ასევე პროდიუსერი ლაშა ხალვაშთან ერთად. ქართული ფილმის ჩვენება თბილისის დროით 22:00 საათზე შედგება.
კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ სამი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:
ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი“
ანა ჩუბინიძის „ფრენცის სასადილო“ (ანიმაცია)
ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“ (დოკუმენტური).