მმართველი პარტიის ლიდერები მერაბიშვილის ცემის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურნენ

კობახიძემ ყველას მოუწოდა, ნუ წარმოაჩენენ სამოქალაქო აქტივიზმად ძალადობას ან შეურაცხყოფის მიყენებას.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პოლიტიკოსის წარსული, მის წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო აქტივიზმად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სოციალურ ქსელებში ინციდენტიდან ნახევარი წლის შემდეგ გამოჩნდა 2023 წლის 2 იანვარს ვანო მერაბიშვილის ცემის კადრები. მერაბიშვილთან კონფლიქტი ცნობილი ქართველი მუსიკოსის, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლის გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძეს გიორგი შარაშიძეს მოუვიდა. ამ უკანასკნელს წარდგენილი აქვს ძალადობის ბრალდება და ის გირაოთია გათავისუფლებული.

„როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული, და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას. ვიღაცები არწმუნებენ ადამიანებს, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ყველას მოუწოდა, ნუ წარმოაჩენენ სამოქალაქო აქტივიზმად ძალადობას ან შეურაცხყოფის მიყენებას.
„ეს არის უბრალოდ აგრესიის წამახალისებელი და პოლარიზაციის წამახალისებელი განცხადებები“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, როდესაც ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება, ნაგვის ურნის თავზე დამხობა, გინება და ა.შ. არის წარმოჩენილი როგორც სამოქალაქო აქტივიზმი, ეს ხელს უწყობს რადიკალიზმის გაღვივებას ქვეყანაში.
ნიკა მელია მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ინტერესების შესახებ >>
თავად ვიდეოკადრები წარმოდგენს იმ აფთიაქის შიგნით და შესასვლელის თავზე არსებული ვიდეოდაკვირვების კამერების ჩანაწერს, სადაც თავდასხმა მოხდა, რის გამოც რამდენიმე ოპოზიციონერმა ივარაუდა, რომ ახლა ამ ვიდეოჩანაწერის გავრცელება ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების დაშინების მცდელობაა.

„იმის თქმა, რომ ეს შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული როგორც დაშინების მცდელობა, რასაკვირველია, კატეგორიულად მიუღებელია, არამც და არამც არ შეიძლება ეს გაგებული იყოს როგორც დაშინების მცდელობა”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო დროს გახშირდა ფაქტები, რა დროსაც პოლიტიკოსები ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფის ობიექტები ხდებიან. მათ შორის არიან თავად „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებმა, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის“ თანადამფუძნებელი მიშა მშვილდაძე, ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომლებიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.
პოლიცია სწრაფად იძიებს მსგავს ფაქტებს, მაგრამ ეს პროცესი არ ჩერდება, ძალადობის გამოვლინებები გრძელდება. ძალადობა საქართველოში ყველაზე გავრცელებულ დანაშაულთა ათეულში შედის.

ვანო მერაბიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ვანო მერაბიშვილი მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად მიიჩნეოდა.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან ექვს თვეში, 2013 წლის მაისში მერაბიშვილი დააპატიმრეს. ის ციხიდან 2020 წლის თებერვალში გამოვიდა.
მერაბიშვილს ბრალი წაყენებული ჰქონდა ექვს რეზონანსულ საქმეზე. აქედან ხუთ საქმეზე მან სასჯელი მოიხადა და საერთო ჯამში საპატიმროში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა.
ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს 2006 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.