თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. უკრაინიდან ელჩის გაძევებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირ რეაქციას არ მოახდენს, თუმცა საკითხს მომავალში განიხილავენ, განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".
„ჩვენ მომავალში დრო აუცილებლად გვექნება იმისთვის, რომ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში ვიმსჯელოთ. თუმცა, დღეს ჩვენ ტრადიციულად ვარჩევთ იმ პოზიციას რომელიც გვაქვს, გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, როგორც ვისაუბრეთ, ელჩი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა, განსაკუთრებით მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კონტექსტში.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ საფუძველი, რომელიც ამ გაუგებარი გადაწყვეტილების განმაპირობებელი გახდა. ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია - ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის უფლებებს და მათ შორის, ბატონი სააკაშვილის, შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, რადგან ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო, როგორც მოვისმინეთ, სწორედ ამ საკითხით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამავე დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოკიდებულება უკრაინის მიმართ უცვლელი დარჩება, და ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის ხალხს.
„ერთ-ერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ჩვენს მიმართ, ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“ , - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ზელენსკიმ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მედიაში სასამართლო პროცესის ჩანაწერი გამოჩნდა, სადაც სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის განხილვისას საავადმყოფოს პალატიდან პირდაპირი ჩართვა იყო. ექს-პრეზიდენტმა, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე თებერვლიდან პირველად გამოჩნდა, მაისური აიწია, ყველას აჩვენა თავისი გამხდარი სხეული და მთავრობას მოსთხოვა, ბოდიში მოიხადოს მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანის გამო.
გათავისუფლების მცდელობები
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
უკვე 16 ივნისს ექს-პრეზიდენტმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. მას მერე სოციალურ ქსელში სისტემატურად ჩნდება მისი პოლიტიკური განცხადებები.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
მსჯავრდებული სააკაშვილი
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.