სოფელ ველისციხეში ორი თანასოფლელის მკვლელობის ფაქტზე 32 წლის მამაკაცი დააკავეს

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 32 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში დღეს მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების ცნობით, ორივე გარდაცვლილი 71 წლისაა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან მალევე, „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.