უცნაური გადაწყვეტილება - დეპუტატი ზელენსკის განცხადებაზე

2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობაზე ან საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრა.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ საქართველოს ელჩმა ქვეყანა უნდა დატოვოს პატიმარი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უცნაურია ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, განაცხადა მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი კახიანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს მათ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რათა მას უმკურნალონ. სამშაბათს ქართველ დიპლომატს უკრაინის დატოვება შესთავაზეს თბილისთან კონსულტაციებისთვის.

„უსამართლო გადაწყვეტილებაა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაც ხდება, ყველამ იცის და კითხვა არავის აქვს, რომ მას შეიძლება ვინმე აწამებდეს ან კლავდეს. ეს კითხვები არ არსებობს, მით უმეტეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მაშინ, როცა სტრასბურგის სასამართლოც ამბობს, რომ მისი უფლებების დარღვევა არ ხდება, კიდევ უფრო უცნაურად ჩანს უკრაინის პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება", – განაცხადა კახიანმა.

ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა ომის მდგომარეობაშია, საქართველოს რეაქცია მეგობრული უნდა იყოს, აღნიშნა დეპუტატმა.
ოპოზიციის ნაწილი მრავალი თვე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობაზე ან საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრა.
უკრაინის განცხადება
ზელენსკის გადაწყვეტილებას ორშაბათს წინ უძღოდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სააკაშვილის გამოჩენა, რომელმაც დისტანციურად მიიღო მონაწილეობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაში, რომელიც 2007 წელს აქციის დარბევის საქმეს ეხებოდა. მან გამოაჩინა თავისი გამხდარი სხეული და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანისთვის.
სპეკულაციებს სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ უპასუხა - თალაკვაძე
ზელენსკის ბრძანებით სამშაბათს საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დაიბარეს უკრაინის საგარეო უწყებაში და „გამოხატეს მტკიცე პროტესტი პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის არსებით გაუარესებასთან დაკავშირებით".
ამასთან დაკავშირებით დიპლომატი გამოუშვეს თბილისში, რათა მან არსებული ვითარების გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს და გზები მოიძიოს.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ხელისუფლების შეურაცხყოფა უწოდეს.
ამას გარდა, ორშაბათს საქართველოში უკრაინის საკითხებში დროებითი რწმუნებული ალექსანდრ შულგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს კიევის მიერ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
უკრაინის მხრიდან სანქციებზე მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც Georgian Airways-მა, ერთადერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენა დაიწყო.
სააკაშვილის მოქალაქეობა
2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსმა უკრაინული პასპორტის მიღებისას დამალა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული.
უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია - კობახიძე>>
მაშინ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა, რადგან საქართველოს მოქალაქეობა მან უკრაინული მოქალაქეობის მიღების გამო 2015 წელს დაკარგა.
2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ ისევ უკრაინაში შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა.
2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
სააკაშვილის დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".