თბილისის მერიამ 71 უსახლკარო ოჯახს ბინები შეუძინა

მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში უსახლკაროს სტატუსის მქონე დაახლოებით 400 ოჯახია.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა 71 ბინა შეიძინა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროგრამა 2022 წლიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ ფართებს იღებენ ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული.

„გასულ წელს შევიძინეთ 55-ზე მეტი ბინა. დღეის მდგომარეობით, ჯამში 71 ბინა გვაქვს შესყიდული და ამდენი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული ადამიანი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული და აღნიშნული პრობლემა მოხსნილი", – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, ადამიანმა, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღოს. შემდეგ მის საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.