თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში (U-21), რომლის მატჩები საქართველოსა და რუმინეთში ტარდება, გულშემატკივრის დასწრების თვალსაზრისით ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა.
ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე მატჩებს 250.746 ადამიანი დაესწრო. მანამდე რეკორდი ახალგაზრდულ ევროზე პოლონეთში დამყარდა, რომელიც 2017 წელს ჩატარდა (243.995 მაყურებელი).
შაბათს ერთ მატჩზე დასწრების მხრივ დამყარდა რეკორდი. მეოთხედფინალურ შეხვედრას საქართველოსა და ისრაელს შორის თბილისში 44.338 ადამიანი დაესწრო.
ახალგაზრდული ევრო დასწრების კუთხით რეკორდს უკვე მესამედ ამყარებს. აქამდე გულშემატკივრების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1996 წელს ესპანეთსა და იტალიას შორის ფინალური შეხვედრის დროს დაფიქსირდა, რომელსაც 35.500 ადამიანი დაესწრო.